თომას ბახი ახალი ვადით არჩევის შემდეგ, პირველად საბერძნეთს ეწვია

30 მარტი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ათენში, საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტში ციფრული გამოფენა გახსნა, საბერძნეთს კი IOC-ის ახალი ოლიმპიური ჯილდო გადასცა. IOC-ის პრეზიდენტად ახალი ვადით - 2025 წლამდე არჩევის შემდეგ, ეს მისი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია.

ციფრული გამოფენა თანამედროვეობის ყველა ბერძენ ოლიმპიელს წარმოადგენს, ასევე ოლიმპიურ ცეცხლს, რომელიც ოლიმპიზმის ერთ-ერთი უდიდესი სიმბოლოა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, ციფრული გამოფენა   აწმყოს მომავალთან აკავშირებს და „დღის წესრიგი 2020"-ს ეხმიანება.

„დღეს საბერძნეთს სამმაგი პირველობა უჭირავს. გარდა იმისა, რომ თქვენი ქვეყანა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, დელეგაციათა აღლუმზე პირველი გამოდის, ის პირველი ქვეყანაა, რომელსაც ახალი ვადით არჩევის შემდეგ ვეწვიე და პირველი, რომელიც ოლიმპიურ ჯილდოს (Olympic Trophy) მიიღებს - IOC-ის ჯილდოს ლოზანის ოლიმპიური სახლის გამოსახულებით."