მესამე ევროპული თამაშების პროგრამას ტრიატლონი და მეკლდეურობა დაემატა

01 აპრილი 2021

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) ევროპული თამაშების პროგრამას აფართოებს. მეკლდეურობა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც წლეულს  ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგება, პირველად იქნება წარმოდგენილი კრაკოვის და მალოპოლსკის სავოევოდოს 2023 წლის მესამე ევროპულ თამაშებზე. ამასთან, სპორტსმენებს პარიზის  2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოპოვების შესაძლებლობაც ექნებათ.

რაც შეეხება ტრიატლონს, ის ევროპული თამაშების პროგრამას კვლავ დაუბრუნდება ბაქოს  2015 წლის სადებიუტო ევროპული თამაშების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ტრიატლონი მესამე ევროპულ თამაშებზე კლასიკურ ოლიმპიურ მანძილზე შეჯიბრების გარდა, წარმოდგენილი იქნება შერეული ესტაფეტით, რომლის ოლიმპიური დებიუტიც ტოკიოში შედგება.

უფრო ადრე ევროპული თამაშების პროგრამაში შევიდა ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, მუაი ტაი (ტაილანდური კრივი) და ტყვიის სროლა.

ასევე იგეგმება, რომ მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შევა მხატვრული ცურვა, 3x3-ზე კალათბურთი, ბრეიქ-დანსი, კანოე (სპრინტი), ველოსპორტი (მაუნთინბაიკი და საგზატკეცილო რბოლა), ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი (ქვიშის და კლასიკური), ჭიდაობა, ძალოსნობა და მძლეოსნობა.

საგულისხმოა, რომ ბევრ სახეობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ან სარეიტინგო ქულები გათამაშდება.