შოთა მიშველიძემ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

04 აპრილი 2021

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა  შოთა მიშველიძემ (61 კგ) ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვერცხლის ჯილდო ერგო ატაცშიც.

ქართველმა ძალოსანმა, რომელიც მოსკოვურ ფიცარნაგზე ასევე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის იბრძვის, ატაცში საწყისი წონა - 129 კილოგრამი ვერ დაძლია, მაგრამ დაიმორჩილა მეორე მისვლისთვის შეკვეთილი 131 კილოგრამი და ბოლოს - 135 კილოგრამიც.

მიშველიძემ შედარებით სუსტად იასპარეზა აკვრაში. საწყის წონად 155 კილოგრამი შეუკვეთა, რაც დაიმორჩილა კიდეც, მაგრამ შემდეგი ორი წონა - 159 და 162 ვერ დაძლია და აკვრა მეშვიდე ადგილით დაასრულა. მეორე დისციპლინაში სამეულს მიღმა დარჩენის მიუხედავად, მთავარი მაინც შეძლო - ორჭიდის ჯამში (135+155 კგ) 290 კილოგრამს მოუყარა თავი და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

ევროპის ჩემპიონატზე ამავე წონაში ასპარეზობდა რამინ შამილიშვილიც. რამინი ატაცში 124 კილოგრამით მეშვიდე იყო, აკვრაში 155 კილოგრამით - მეხუთე, ორჭიდის ჯამში კი 279 კილოგრამით მერვე ადგილი ერგო.