გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

05 აპრილი 2021

მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველ დისციპლინაში - ატაცში ქართველმა ძალოსანმა  სამივე მისვლა - 134, 138 და140 კგ წარმატებით გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩხეიძე დანაკლისის ანაზღაურებას აკვრაში შეეცადა და მეტ-ნაკლებ  წარმატებასაც მიაღწია:  ჯერ 165, მერე 170 კილოგრამი დასძლია, მაგრამ მესამე მისვლაზე 175 კილოგრამი მისთვის დაუძლეველი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ჩხეიძე უმედლოდ არ დარჩენილა - აკვრაში დაძლეული 170 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ერთი დღით ადრე, ატაცსა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ).