ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტესტირება ყოველდღიურად 50-60 ათასს ადამიანს ჩაუტარდება

22 მაისი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, სეიკო ჰაშიმოტოს ცნობით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას კორონავირუსზე  ყოველდღიურად 60 ათასამდე ტესტი ჩაუტარდებათ ათლეტებს და სხვა მონაწილეებს: „ყოველდღიური ტესტების მაქსიმალური რაოდენობა 50-60 ათასი იქნება," - განმარტავს ჰაშიმოტო.

თავის მხრივ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კოუტსი აღნიშნავს, რომ თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების თვალსაზრისით, ორგანიზატორები, პირველ ყოვლისა, კორონავირუსზე ტესტირების სისტემას ეყრდნობიან და არა წინასწარ ვაქცინაციას.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა აპრილში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სპორტსმენებს და მათთან კონტაქტში მყოფ პირებს ყოველდღიურად ჩაუტარდებათ ტესტირება.

თამაშების სხვა მონაწილეებს ყოველდღიურად ტესტირებები ჩასვლიდან მხოლოდ პირველ სამ დღეს ჩაუტარდებათ. შემდგომში მათი შემოწმების სიხშირე სხვებთან  კონტაქტზე იქნება დამოკიდებული.