ოლიმპიელებმა ფიცი დადეს

დღეს თბილისის ოლიმპიურ პარკში გაიმართა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე.
თავდაპირველად შეკრებილებს მიმართა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ქართველ ოლიმპიელთა საზადისზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სპორტსმენები ტოკიოში წარმატებით იასპარეზებენ:
„გლობალური პანდემიით გამოწვეული სიძნელეების მიუხედავად, მრავალსაუკუნოვანი ოლიმპიური ისტორია გრძელდება, - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა, - სწორედ პანდემიის გამო, მოგეხსენებათ, აუცილებელი გახდა ამ თამაშების ერთი წლით გადავადება. შესაბამისად, ეს იყო ურთულესი პერიოდი მსოფლიო სპორტისთვის და საერთაშორიოს ოლიმპიური მოძრაობისთვის.
ჩვენ ყველამ ერთად, მიზანმიმართული მუშაობით და ხელისუფლების მხარდაჭერით, შედარებით ნაკლები დანაკარგებით გავიარეთ ეს პერიოდი."
ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულიანი სპორტსმენია, რომლებსაც შეუძლიათ ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლონ.
როგორც ითქვა, ოლიმპიელობა დიდი შრომის და ბრძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობაა - ასახელო საკუთარი თავი და შენი ხალხი. ოლიმპიელობა, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - წარმოადგინო შენი ქვეყანა მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე, მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე.
„მჯერა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს თოთოეულ ჩვენს ოლიმპიელს, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის თითოეულ წევრს, - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა, - ჩვენ ამ იმედითა და რწმენით მივემგზავრებით იაპონიაში - ტერიტორიულად შორეულ, მაგრამ ახლობელ და მეგობარ ქვეყანაში, რომელიც ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მტკიცედ დადგა საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის გვერდში. მადლობა იაპონელ ხალხს ოლიმპიური თამაშების ერთგულებისთვის."
საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური გუნდები წარადგინეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონა თამისვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავჯდომარემ კახაბერ კუჭავამ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ,,საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ სულხან გვალიამ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებული თითოეული სპორტსმენი ჯილდოდ მილიონ ლარს მიიღებს.
ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება.
პარალიმპიური თამაშები 24 აგვისტოდან 5 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება და საქართველოდან სპორტის 6 სახეობაში 16 სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს სპორსტმენთა სახელით ფიცი დადო ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა, ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, სახელოვანმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა.
პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიურ გუნდებს ეყოლებათ 2 მედროშე - ქალი და კაცი.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული ოლიმპიელები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე.
საქართველოს პარალიმპიური ნაკრები გუნდის მედროშე იქნება პარაფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანი.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური გუნდი დალოცა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.