იაპონიის იმპერატორმა თომას ბახს უმასპინძლა

22 ივლისი 2021

იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ ტოკიოში, იმპერატორის სასახლეში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტს  თომას ბახს უმასპინძლა.  

შეხვედრისას მონარქმა კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, როდესაც მისი გავრცელების შესაკავებლად მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ოლიმპიური თამაშების ჩატარების სირთულეებს გაუსვა ხაზი.

„შესაბამის პირობებში პატივს ვცემ თქვენს მიერ გაწეულ ყველა ძალისხმევას," - დასძენს იმპერატორი.

იაპონიის იმპერატორის საპასუხოდ, თომას ბახმა აღნიშნა, რომ ყველაფერს იღონებს და არ დაუშვებს, რომ იაპონიის მოსახლეობას საფრთხე შეექმნას.

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე საათები რჩება. გახსნის ცერემონიას დაესწრება იაპონიის იმპერატორიც და, სავარაუდოდ, თამაშებს გახსნილად სწორედ ის გამოაცხადებს.