ხვალ საზეიმოდ გაიხსნება ოლიმპიური თამაშები

22 ივლისი 2021

ქართველ ოლიმპიელებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ტოკიოში იმყოფებიან, მორიგი სავარჯიშო დღე ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ჩვენი ძალოსნები. მათ ამჯერადაც Tokyo International Forum-ში ივარჯიშეს მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. ძალოსანთა ვარჯიშს დაესწრო საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი.

Tokyo International Forum-ი -  ულტრათანამედროვე საგამოფენო კომპლექსი ტოკიოს ცენტრში, იმპერატორის სასახლესთან ახლოს მდებარეობს და ოლიმპიადის დღეებში ძალოსნების განკარგულებაში იქნება. კომპლექსი 8 პავილიონს მოიცავს, ვარჯიშებისთვის გამოყოფილია პირველ სართულის სივრცე, უშუალოდ ოლიმპიური შეჯიბრება კი  ერთ-ერთ პავილიონში გაიმართება, რომელიც 5 ათას მაყურებელს იტევს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს თამაშები და, მათ შორის ძალოსანთა ტურნირი, გულშემატკივართა გარეშე ჩაივლის.

ოლიმპიურ თამაშებში 4 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს, რაც ერთი ქვეყნისთვის გამოყოფილი კვოტის მაქსიმუმია. ტოკიოს ფიცარნაგზე საქართველოს სახელით გამოვლენ შოთა მიშველიძე (61 კგ), გოგა ჩხეიძე (67 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ) და ლაშა ტალახაძე ( +109 კგ). ხვალ ლაშა, ცხრაგზის ოლიმპიელ ნინო სალუქვაძესთან ერთად, საქართველოს დროშით გაუძღვება ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 23 ივლისს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

დღესვე ოლიმპიურ სოფელში მივიდნენ და ქართველ ოლიმპიელებს საჩუქრები გადასცეს იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელებმა. ჩვენს დიპლომატებს ოლიმპიელთა სახელით მადლობა გადაუხადა  ნინო სალუქვაძემ, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა კი საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს თეიმურაზ ლეჟავას გადასცა ტოკიო-2020-ის სააკრედაიტაციო ბარათი.

დღეს ტოკიოში ჩავიდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე და სამსახურის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, სეოკ-ის საპატიო სტუმრები - ჩვენი გენერალური სპონსორის, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.