ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

23 ივლისი 2021

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც, როგორც წესი,  განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩევა, ტოკიოში ცარიელი ტრიბუნების წინ წარიმართა.

გახსნა მინიმალისტური გამოდგა, მაგრამ დროში გაწელილი, რაც კორონავირუსის პანდემიის გათვალისიწინებით დამატებითმა რეგულაციებმა განაპირობა.

განსაკუთრებით ეფექტური იყო ტოკიოს ოლიმპიური სტადიონის თავზე ორი ათასი დრონით გამოსახული დედამიწა, ასევე -  პიქტოგრამებში გაცოცხლებული სპორტის 33 სახეობა.

ცერემონიაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კორონავირუსის წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლას, ამ  ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ ჯანდაცვისა და  სხვა სამსახურის წარმომადგენლებს.

XXXII თამაშების გახსნის ცერემონიის კულმინაციამდე - ოლიმპიური ცეცხლის დანთებამდე სპორტის ქართველი გულშემატკივრისთვის კულმინაცია იყო 206 ქვეყნის დელეგაციათა აღლუმისას საქართველოს წარმომადგენელთან გამოჩენა. მონაწილე ქვეყნები სტადიონზე იაპუნური ანბანის შესაბამისად შემოდიოდნენ, საქართველო კი ამ რიგში 81-ე იყო.

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, გახსნაზე ქვეყნები ქალი და კაცი მედროშეებით წარდგნენ. საქართველოდან ეს პატივი ოლიმპიურ ჩემპიონებს - ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს და ძალოსან ლაშა ტალახაძეს ერგოთ.

ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს მიესალმნენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სეიკო ჰასიმოტო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, თამაშები კი გახსნილად გამოაცხადა იაპონიის იმპერატორმა ნარუჰიტომ.

ემოციური გამოდგა ოლიმპიური ცეცხლის სტადიონზე შემოტანის და შემდგომ დანთების პროცესი.  ლოტუსის მსგავს ფიალაში ცეცხლის დანთების პატივი  ერგო დიდი სლემის ოთხგზის გამარჯვებულ იაპონელ ჩოგბურთელს ნაომი ოსაკას, რომელიც ტოკიოს თამაშებზეც შეეცდება მედლისთვის ბრძოლას.