მედალთან ახლოს, მაგრამ უმედლოდ

24 ივლისი 2021

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდი ხუთ სახეობაში - ჩოგბურთში, ძიუდოში, კრივში, ფარიკაობასა და ცურვაში იყო წარმოდგენილი.

ოლიმპიურ სარბიელზე კარგი სტარტი გამოუვიდა ნიკოლოზ ბასილაშვილს. საქართველოს პირველი და მსოფლიოს 42-ე ჩოგანი, ოლიმპიურ კორტებზე მსოფლიო რეიტინგში 90-ე საფეხურზე მყოფ ესპანელ კარბალეს ბაენას შეხვდა და ორ სეტში - 6:3, 6:2 დაამარცხა. 26 ივლისს, მეორე წრეში ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო სონეგოს (26) შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა. ქართველის და იტალიელის გზები პირველად შარშან რომში გადაიკვეთა და ის შეხვედრა მასპინძლის გამარჯვებით დასრულდა.

მომდენო  წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოკრივე ესკერხან მადიევმაც (69 კგ). საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელ ლორენცო სოტომაიორს შეხვდა და საკმაოდ დამაჯერებლად - ორ რაუნდში მოუგო. მადიევს მომდევნო ორთაბრძოლა 27 ივლისს, უგანდელ შადირი ბვოგისთან უწევს.

დასანანი იყო ძიუდოში და ფარიკაობაში განცდილი მარცხი.

ოლიმპიურ ტატამზე მეშვიდე ნომრად განთესილი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) - მსოფლიოს და ევროპული თამაშების ჩემპიონი, ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება და აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს იპონით მოუგო, მაგრამ  მეოთხედფინალში მასპინძელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამატებით დროში სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ჩხვიმიანს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში კორეელ ინ ვონ კიმთან მიეცა, მაგრამ ოქროს ქულაში გადასულ ორთაბრძოლაში გამარჯვება კორეელს დარჩა.

მედალთან ყველაზე ახლოს იყო ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი, ტოკიოში მერვე ნომრად განთესილი სანდრო ბაზაძე. ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა საწყის ორ შეხვედრაში ეგვიპტელები - მოჰაბ სამერი და ზიად ელსისი, შესაბამისად, 15:10 და 15:12 დაამარცხა. შემდეგ იყო რეიტინგის პირველი ნომერთან, კორეელ სანგუკ ოსთან 15:13 გამარჯვება. ბაზაძე ნახევარფინალში თამაშების კიდევ ერთ ფავორიტს, ლონდონის და რიოს თამაშების ჩემპიონს და ტოკიოს თამაშების მომავალ ჩემპიონს, უნგრელ არონ ჟილაგის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დამარცხდა.

ქართველმა მოფარიკავემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა კორეელ იუნვან კიმთან გააგრძელა. პირველი პერიოდი მოიგო კიდეც (8:7), მაგრამ მეორეში მეტოქემ აჯობა. საბოლოოდ, კორეელმა  15:11 გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა.

400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში  საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დაძლია და 3:57.49 შედეგით ასპარეზობა  დაასრულა ირაკლი რევიშვილმა.