ტოკიოში საქართველოს ოლიმპიური ყულაბა მარგველაშვილის ვერცხლის მედლით გაიხსნა

25 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა მედლების ყულაბა ვერცხლის მედლით გახსნა.

25 ივლისს ქართველ ოლიმპიელთაგან ასპარეზში ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ძალოსნები - შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე და ძიუდოისტები - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი და ვაჟა მარგველაშვილი ჩაებნენ.

მათ შორის, ყველაზე შორს მარგველაშვილი (66 კგ) წავიდა. ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის და ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი, ტოკიოს ტატამზე მესამე ნომრად განთესილი ქართველი ძიუდოისტი ასპარე ობაშიმეორე წრიდან ჩაება. მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსანი, რუსეთი ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი, შემდეგ კი - ისრაელელი ბარუხ შმაილოვი. ნახევარფინალში გასულმა მარგველაშვილმა რიოს თამაშების ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი ბაულ ანი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჰიფუმი აბეს დაუპირისპირდა. შეხვედრა აბეს ჩემპიონობით და ქართველის ვერცხლის მედლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მარგველაშვილის ვერცხლის მედალი ქართული ძიუდოს ისტორიაში მეოცე ოლიმპიური ჯილდოა.

დღის პირველ მონაკვეთში იასპარეზა ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა (52 კგ). საქართველოს წარმომადგენელმა პირველ შეხვედრაში ჰაიტელი საბიანა ანესტორი წმინდად დაამარცხა, მეორე წრეში კი მომავალ ფინალისტთან, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელ, ფრანგ ამანდინ ბუშართან იპონით დამარცხდა.

საქმეში ჩაებნენ 61 და 67 კილოგრამ წონითი კატეგორიის ძალოსნებიც. თავდაპირველად ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი გოგა ჩხეიძე (67 კგ) გავიდა, რომელმაც B ჯგუფში იასპარეზა და ატაცის (133 კგ) და აკვრის (169 კგ) ჯამში 302 კილოგრამით ჯგუფი მე-8 ადგილი ერგო.
მედლისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა შოთა მიშველიძეს, მაგრამ ატაცში პირველ მისვლაზე დაძლეული 130 კილოგრამის შემდეგ ორი ცდა ვერ გამოიყენა. ასევე პირველი მისვლა გამოიყენა აკვრაშიც - 155 კილოგრამი დასძლია, მაგრამმომდევნო წონას ვერ გაუმკლავდა და ჯამში დაგროვილი 285 კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა.

და ბოლოს, ნინო სალუქვაძემ - ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 567 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ასპარეზობას კვლავაც აგრძელებს. ამჯერად ტიტულიანი ქართველი ტყვიით მსროლელი სპორტული პისტოლეტით (25 მ) სროლაში მოსინჯავს ძალებს.

26 ივლისს ასპარეზობას შედუგება 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, მეორე ნომრად არის განთესილი და შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგება. აქ მისი მეტოქე ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასა და ფრანგ გილემ შენს შორის გამოვლინდება.

57 კილოგრამ წონაში იასპარეზებს ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ტოკიოს ტატამზე მე-14 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ანგოლელ დიასონემა მუქუნგუის დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, ლიპარტელიანს მეორე წრეში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ გერმანელ ტერეზა შტოლთან მოუწევს შეხვედრა.

ხვალ რინგზე გავლენ საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრების- სახილ ალახვერდოვი (52 კგ) და გიორგი ხარაბაძე (75 კგ). პირველ წრეში ალახვერდოვის მეტოქე იქნება ჩინელი ჟიანგუან ჰუ, ხარაბაძეს კი უზბეკ ფანატ კახრამონოვთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

26 ივლისს ასპარეზობას გააგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.