შავდათუაშვილის მესამე ოლიმპიური მედალი, ამჯერად - ვერცხლი

26 ივლისი 2021

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოს  XXXII ოლიმპიურ თამაშებზე უკვე მეორე მედალი მოიპოვა და ამჯერადაც ძიუდოში.

მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ხუთმა წარმომადგენელმა -ძიუდოისტებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, მოკრივეებმა სახილ ალახვერდოვმა და გიორგი ხარაბაძემ იასპარეზეს,  საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი პირველ წრეში დაწყებული საქმე გააგრძელა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის  ისტორიული გამოდგა 26 ივლისი. გუნდის ყველაზე ტიტულიანმა წევრმა - ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მისთვის მესამე თამაშებზე მესამე მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ორზე მეტი ოლიმპიური მედალი დაისაკუთრა.

ტოკიოს ტატამზე მეორე ნომრად განთესილი მომავალი ფინალისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა.  ჯერ ფრანგი გილემ ჩანი დაამარცხა ვაზარით, შემდეგ ჯიბუტელი ადენ-ალექსანდერ ჰუსეინი - იპონით, მეოთხედფინალში კი კანადელ არტურ მარგელიდონს „ოქროს ქულაზე" იპონით გაუმკლავდა.

ლაშას გაცილებით რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია ნახევარფინალში - კორეელ მსოფლიო ჩემპიონ და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ ჩანგიმ ანთან. კორეელთან მოსაგებად შავდათუაშვილს 9 წუთი და 37 წამი დასჭირდა - მეტოქე სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ფინალი ფინალის საკადრისი გამოდგა. 29 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის წინაშე რიოს თამაშების ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებული, ასევე 29 წლის იაპონელი შოჰეი ონო წარსდგა, როგორც ამ თამაშების უპირველესი ფავორიტი.

გამარჯვებულის გამოსავლენად „ოქროს ქულა" გახდა საჭირო, რომელიც ასევ დროში გაიწელა. იაპონელსა და ქართველს შორის შეხვედრა 9 წუთსა და 26 წამს გაგრძელდა და მასპინძლის ვაზარით და გამარჯვებით დასრულდა. ლაშამ დიდი ბრძოლა გაუმართა იაპონელთა ლიდერს და საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა.

მედლამდე ნაბიჯი დააკლდა 57 კილოგრამ წონაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც ტოკიოში ჩინებულად იჭიდავა და სამი შეხვედრის მოგება შეძლო.

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში ანგოლელ დიასონემ მუქუნგუისთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა, მეორეში წრეში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ გერმანელ ტერეზა შტოლს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე ეფექტური იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში ლიპარტელიანის წარმატებული სვლა ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და მომავალმა ფინალისტმა, ფრანგმა სარა ლეონ სისკემ „ოქროს ქულით" შეაჩერა, იქამდე კი ქართველმა მისთვის ვაზარის ართმევა მოასწრო.

ლიპარტელიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა და  მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, პოლონელ იულია კოვალჩიკს „ოქროს ქულით" მოუგო კიდეც, მაგრამ ბრინჯაოს ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ და ორი ვერცხლის მედლის მფლობელ ცუკასა იოშიდასთან ვერაფერს გახდა და თამაშებს მეხუთე ადგილით დაემშვიდობა.

დღეს იასპარეზეს მოკრივეებმაც - სახილ ალახვერდოვმა (52 კგ) და გიორგი ხარაბაძემ (75 კგ), თუმცა ორივენი ნაადრევად, პირველივე წრეში  გამოეთიშნენ ოლიმპიურ რინგს. ალახვერდოვი ჩინელ ჟიანგუან ჰუსთან სამ რაუნდში დამარცხდა, ხარაბაძეს კი უზბეკ ფანატ კახრამონოვთან - ორ რაუნდში.

წარმატებულ სვლას აგრძელებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. მსოფლიოს 41-ე ჩოგანმა მეორე წრეში იტალიელი ლორენცო სონეგო სამ სეტში - 6-4, 3-6, 6-4 დაამარცხა და 28 ივლისს, მერვედფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევთან (5) შეხვედრის უფლება მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ბასილაშვილის და ზვერევის გზები აქამდე ოთხჯერ გადაკვეთილა და უპირატესობა გერმანელის მხარეს არის - 3:1.

27 ივლისს ტატამზე გავა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). ქართველი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგება. მისი მომავალი მეტოქე ტაჯიკ აკმალ მუროდოვსა და გუამელ ჯოშტერ ენდრიუს შორის პირველ წრეში გამოვლინდება.

მეორე ბძოლას  ჩაატარებს მოკრივე ესკერხან მადიევი  (69 კგ). საქართველოს წარმომადგენელს მეთექვსმეტედფინალში უგანდელ შადირი ბვოგისთან მოუწევს ორთაბრძოლა.