ესკერხან მადიევი მეოთხედფინალშია, ტატო გრიგალაშვილს კი წარუმატებელი დღე ჰქონდა

27 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდი ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათ შორის, პირველი ჩაერთო საქმეში ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), შემდეგ კი - მოკრივე ესკერხან მადიევიც (69 კგ).

ესკერხან მადიევმა (69 კგ), რომელმაც პირველ წრეში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კუბელი ლორენცო სოტომაიორი ორ რაუნდში დამაჯერებლად დაამარცხა, მეორე წრეში უგანდელ შადირ ბვოგის დაუპირისპირდა და  წარმატებითაც. მადიევმა მეტოქე სამ რაუნდში 3:1 დაამარცხა და 30 ივლისს, მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საქართველოს წარმომადგენელს მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური გუნდის წევრის ანდრეი ზამკოვოის სახით მეტად გამოცდილი მოწინააღმდეგე ელის. 34 წლის რუსი მოკრივე ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი და მსოფლიოს ჩემპიონია.

სამწუხაროდ, წარუმატებელი დღე ჰქონდა ძიუდოში ევროპის ჩემპიონს და მსოფლიოს  ჩემპიონატის ფინალისტს ტატო გრიგალაშვილს. ტოკიოს ოლიმპიურ ტატამზე მესამე ნომრად განთესილმა გრიგალაშვილმა, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება, ტაჯიკი აკმალ მუროდოვი იოლად  დაამარცხა - მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა, იქამდე კი ვაზარიც აართვა.

გრიგალაშვილი ასევე იოლად გაუმკლავდა მომდევნო მეტოქეს, კორეელ სუნგო ლის და მეოთხედფინალშიც გავიდა, მაგრამ მონღოლეთის სახელით მოასპარეზე ირანელ მსოფლიო ჩემპიონს და ბრინჯაოს მედლის მფლობელ საედ მოლაეისთან ბევრისთვის სადავო გადაწყვეტილებით, დამარცხებულად გამოცხადდა.

ქართველი ძიუდოისტი დებიუტშივე ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის შუაში მეტოქემაც ვაზარი შეასრულა. სწორედ ამას მოჰყვა მოლაეის სადავო გდება, რომელიც მსაჯებმა ვიდეოჩანაწერში გადაამოწმეს კიდეც და გამარჯვება მონღოლეთის წარმომადგენელს მიანიჭეს.

გრიგალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას შეუდგა. რეპეშაჟის ნახევარფინალში უზბეკი შაროფიდინ ბოლტაბოევი ვაზარით დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ მათიას კასესთან, რომელთანაც წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო, რევანში ვერ აიღო და საბოლოოდ მეხუთე ადგილი ერგო.

28 ივლისს ტატამზე გავა ლაშა ბექაური (90 კგ), რომელიც ტოკიოში მეოთხე ნომრად არის განთესილი. ევროპის ჩემპიონი მეორე წრიდან ჩაებმება შეჯიბრებაში და აქ მისი მეტოქე პოლონელი პიოტრ კუჩერა იქნება, რომელიც ასევე გამოტოვებს პირველ წრეს.

ხვალ მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდრ ზვერევს (5) შეხვდება. საგულისხმოა, რომ ბასილაშვილის და ზვერევის გზები აქამდე ოთხჯერ გადაკვეთილა და უპირატესობა გერმანელის მხარეს არის - 3:1.