ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

28 ივლისი 2021

ლაშა ბექაური ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ქართველმა ძიუდოისტმა „ბუდოკანის" დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მონაგარი სამ მედლამდე გაიზარდა -  ორ ვერცხლს დღეს ოლიმპიური ოქრო დაემატა.

მეხუთე საშეჯიბრო დღეს საქართველო ორი ოლიმპიელით - ნიკოლოზ ბასილაშვილით და ლაშა ბექაურით იყო წარმოდგენილი.

მომავალი ტრიუმფატორი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. პირველ მეტოქედ პოლონელი პიოტრ კუჩერა ერგო, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და მერვედფინალში გავიდა. აქ ისრაელელ ლი კოჩმანს მოუგო, არადა თავიდან ვაზარით მეტოქე დაწინაურდა, მაგრამ მალევე ბექაურმა ვაზარს ვაზარით უპასუხა, საბოლოოდ კი იპონით გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გასულ ქართველს წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის უზბეკ ფინალისტთან, დავლატ ბობონოვთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ მეტოქემ თავის დასაცავად აკრძალულ ილეთს მიმართა - გდება სახიფათო მოძრაობით აირიდა და შეხვედრაში წაგებულად გამოცხადდა.

ემოციურად რთული გამოდგა ნახევარფინალი. ჩვენს ფალავანს აქ მეტოქედ რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი, ორგზის ევროპის ჩემპიონი მიხაილ იგოლნიკოვი ჰყავდა. ბექაურმა მეტოქე შეხვედრის დაწყებიდან  ერთ წუთში ვაზარით დასაჯა, პრინციპული შეხვედრა მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველომ მესამე მედალი დაიბევა. გასარკვევი იყო მედლის ხარისხი.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველს მეტოქედ გერმანელი ედუარდ ტრიპელი ჰყავდა. ბექაურმა შეხვედრის დებიუტშივე გვანერვიულა, მაგრამ დროული რეაქცია გამოავლინა, მეტოქეს რთული მდგომარეობიდან დაუძვრა და შეხვედრაზე კონტროლიც აიღო. გერმანელი ვაზარზე დააგდო, მერე და მერე კი დროც ოსტატურად გაიყვანა და შეხვედრა მოიგო.

„დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, ჩემი ქვეყანა გახარებულია და მე გავხდი ამის მიზეზი.დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მე ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვგეგმავ, მათ შორის - მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე," -  პრესკონფერენციაზე აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით 21 წლის ლაშა ბექაური ძიუდოში მეოთხე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თანაც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, წონაში, რომელიც ქართული ძიუდოს სკოლისთვის ტრადიციულად წარმატებულია. ბექაურამდე ამ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ზვიადაური (ათენი, 2004) და ირაკლი ცირეკიძე (პეკინი, 2008).

ლაშა ბექაურის ოლიმპიურმა ოქროს მედალმა საქართველო მედლების საერთო ჩათვლაში მნიშვნელოვნად დააწინაურა. ვაჟა მარგველაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლის მედლებით  საქართველოს ოლიმპიური გუნდი 36-ე საფეხურზე იყო, ბექაურის ტრიუმფის შემდეგ, საქართველო ერთბაშად 17 ადგილით დაწინაურდა და მე-19 საფეხურზე აინაცვლა.

გარდა ამისა, საქართველოს ვაჟთა ნაკრები ტოკიოს თამაშებზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ძიუდოში იაპონელების შემდეგ, ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიურ კორტებზე წარუმატებელი დღე ჰქონდა ნიკოლოზ ბასილაშვილს. საქართველოს პირველი და მსოფლიოს 41-ე ჩოგანი გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან (5) მეოთხედფინალის საგზურისთვის ორ სეტში - 4-6, 6-7 (5-7) დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

29 ივლისს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ ტატამზე გავა საქართველოს ყველაზე გამოცდილი ძიუდოისტი - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლის და სამგზის ევროპის ჩემპიონი  ვარლამ ლიპარტელიანი.

ნაკრების კაპიტანი პირველ ნომრადაა განთესილი და შეხვედრას მეორე წრით დაიწყებს. აქ მისი მეტოქე პაკისტანელ შაჰ ჰუსეინ შაჰსა და ეგვიპტელ რამადან დარვიშს შორის შეხვედრაში გაირკვევა.