ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა, სალუქვაძე კი ფინალურ ეტაპთან ახლოსაა

29 ივლისი 2021

ტყვიის სროლაში ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც სარეკორდო მეცხრე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს, ტოკიო-2020-ის მეექვსე საშეჯიბრო დღეს 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში 291 ქულა დააგროვა და მეშვიდე საფეხური დაიკავა. სალუქვაძემ პირველ სერიაში 94 ქულა აიღო, მეორეში -  98, მესამეში კი -  99. დასკვნითი საკვალიფიკაციო შეჯიბრება ხვალ დილით გაიმართება და თუ ნინო 8 საუკეთესოს შორის მოხვდება, დასკვნით ეტაპზე სხვა ფინალისტებთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას ოლიმპიური მედლისთვის.

წარუმატებელი დღე ჰქონდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანს, რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ). ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი, რომელიც ტოკიოს ტატამზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. პირველ მეტოქედ ეგვიპტელი რამადან დარვიში ერგო, ვისაც სამი გაფრთხილებით მოუგო. ორი ვაზარით და შედეგად იპონით დაამარცხა კანადელი შადი ელნაჰასიც და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ლიპარტელიანს ფინალში გამსვლელ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს და ბრინჯაოს მედლების მფლობელ და მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ იაპონელ აარონ ვოლფთან მოუწია ორთაბრძოლა, მაგრამ ვაზარით დამარცხდა.

ნაკრების კაპიტანი მდგომარეობის გამოსწორებას რუსეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ნიაზ ილიასოვთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შეეცადა, მაგრამ აქაც უშედეგოდ. გამარჯვება ვაზარით მეტოქეს დარჩა.

30 ივლისს ტოკიოს ტატამზე გავა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ბოლო წევრი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების ჩემპიონი ტოკიოში მეოთხე ნომრად არის განთესილი და პირველი წრის გამოტოვებით მეორეში ტაჯიკ თემურ რახიმოვსა და კუბელ ენდი გრანადას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეოთხედფინალში რთული გამოცდა ელის საქართველოს მოკრივეთა გუნდის წარმომადგენელს ესკერხან მადიევს (69 კგ). 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი ნახევარფინალის საგზურს, რაც ავტომატურად ბრინჯაოს მედალს ნიშნავს, რუსეთის ოლიმპიური გუნდის წევრს, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელ და მსოფლიოს ჩემპიონს, ანდრეი ზამკოვოის შეეცილება.

ხვალ საკვალიფიკაციო ასპარეზობაში ჩაერთვება პირველი ქართველი მძლეოსანი,  ბირთვის მკვრელი სოფიკო შათირიშვილი.