პარიზი-2024-ის მასპინძლებმა საშეჯიბრო პროგრამა წარმოადგინეს

23 აგვისტო 2021

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა XXXIII თამაშების პროგრამაში შემავალ  სპორტის სახეობათა სრული სია გამოაქვეყნა.

ძირითად პროგრამაში შევიდა 40 დისციპლინა: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კალათბურთი 3x3, კრივი, კანოე და კაიაკი, სატრეკო და საგზატკეცილო ველოსპორტი, მაუნთინბაიკი, ВМХ-ფრისტაილი და რეისი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, გოლფი, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, თანამედროვე ხუთჭიდი, აკადემიური ნიჩბოსნობა, რაგბი, აფროსნობა, ტყვიის სროლა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი, პლაჟის ფრენბურთი, წყალში ხტომა, მხატვრული ცურვა, ღია წყალში ცურვა, ცურვა, წყალბურთი, ძალოსნობა და ჭიდაობა.

ამას გარდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) დღის წესრიგის თანახმად, თამაშების ორგანიზატორებს შესაძლებლობა მიეცათ პროგრამაში ერთჯერადად შესაყვანად წარმოედგინათ სპორტის კიდევ რამდენიმე სახეობა. შესაბამისად, პარიზის ოლიმპიურ სარბიელზე მედლები გათამაშდება ასევე ბრეიკ-დანსში, სერფინგში, სკეიტბორდინგში და სპორტულ ცოცვაში.

ტოკიოს XXXII თამაშებისგან განსხვავებით, პარიზშის ოლიმპიადის პროგრამაში არ იქნება სოფტბოლი/ბეისბოლი და კარატე.