გარდაიცვალა IOC-ის მერვე პრეზიდენტი ჟაკ როგე

29 აგვისტო 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მერვე პრეზიდენტი (2001-2013), IOC-ის საპატიო პრეზიდენტი ჟაკ როგე 79 წლისა გარდაიცვალა.

ჟაკ როგესადმი პატივისცემის ნიშნად, ხუთი დღის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყველა ობიექტზე დაეშვება ოლიმპიური დროშა.
IOC ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს მოუწოდებს, როგესადმი პატივისცემის ნიშნად შეუერთდნენ ამ ჟესტს.

ჟაკ როგე

ჟაკ როგე დაიბადა გენტში, 1942 წლის 2 მაისს. დაამთავრა გენტის უნივერსიტეტი. პროფესიით ორთოპედ-ქირურგი იყო სპორტული მედიცინის სფეროში სპეციალიზაციით. სწავლობდა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მედიცინის ხარისხი მიენიჭა.  ახალგაზრდობაში აქტიურად მისდევდა რაგბის და აფროსნობას. რაგბიში 16-ჯერ მოიპოვა ბელგიის ჩემპიონობა, აფროსნობაში კი - კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონობა. მონაწილეობდა მეხიკოს (1968), მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) ოლიმპიურ თამაშებში, სადაც „ფინის" კლასში იასპარეზა.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, როგე ბელგიის ოლიმპიურ მოძრაობაში ჩაერთო, სადაც 1989 წელს ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს, იმავე წელს გახდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) ვიცე-პრეზიდენტი. როგე ორ წელიწადში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრადაც  აირჩიეს.

ჟაკ როგე 1998 წელს სოკ-ის აღმასრულებელ საბჭოს შეუერთდა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიდნეის ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებაში. ასევე კოორდინაციას უწევდა ათენის 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებს.

ამ და სხვა დამსახურებებისთვის ბელგიელი სოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინეს, სადაც თავიდანვე ფავორიტ კანდიდატად ჩამოყალიბდა. 2001 წლის 16 ივლისს მოსკოვში, სოკ-ის 112-ე სესიაზე, ჟაკ როგემ პრეზიდენტის თანამდებობაზე ესპანელი ხუან ანტონიო სამარანჩი შეცვალა.

ახლადარჩეული პრეზიდენტი კორუფციასთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს დოპინგში ხედავდა. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს საბჭოში მუშაობისას (1999) ოლიმპიადების აკრძალული პრეპარატებისგან გასაწმენდად ძალ-ღონეს არ იშურებდა. დოპინგის წინააღმდეგ გამძაფრებული დამოკიდებულება მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც სიდნეის ოლიმპიური თამაშების სამგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა მერიონ ჯონსმა დოპინგის მოხმარება აღიარა.

როგეს დიდი დამსახურებაა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის იდეა და შემდგომ მისი განხორციელება. როგეს სურვილი იყო, რომ ევროპელ ახალგაზრდებს თავიანთი მულტისპორტული ღონისძიება ჰქონოდათ. 1991 წელს ევროპის პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სწორედ ჟაკ როგეს სამშობლოში, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ჩატარდა.

გარდა ამისა, მისი პრეზიდენტობისას, 2007 წლიდან საერთაშორისო კალენდარში გამორჩეული ადგილი დაიკავა ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა თამაშებმა.

ბუენოს აირესში, 2013 წელს სოკ-ის 125-ე სესიაზე ჟაკ როგე პრეზიდენტის პოსტზე თომას ბახმა შეცვალა. ბელგიელი, ისევე როგორც მისი წინამორბედები - სოკ-ის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

ჟაკ როგეს მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, მედალი და ორდენი. ასევე ბელგიის მეფე ალბერტ მეორემ ჟაკ როგეს გრაფის წოდება მიანიჭა.