2023 წლის ევროპული თამაშების პროგრამას ქვიშის ფეხბურთი, კიკბოქსინგი და ძიუდოისტთა შერეული გუნდური ასპარეზობა დაემატა

05 სექტემბერი 2021

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები(EOC) აგრძელებს კრაკოვისა და მალოპოლსკას 2023 წლის ევროპული თამაშების პროგრამის ფორმირებას. ამჯერად, თამაშების პროგრამას დაემატა ქვიშის ფეხბურთი და კიკბოქსინგი. ასევე გაირკვა, რომ ძიუდოისტები, გარდა პირადი შეჯიბრებისა, მედლებს გაითამაშებენ შერეულ გუნდურ ტურნირში (ამ დისციპლინის ოლიმპიური დებიუტი ახლახან ტოკიოს თამაშებზე შედგა).

შეგახსენებთ, რომ ქვიშის ფეხბურთი წარმოდგენილი იყო ორივე წინა თამაშებზე - ბაქოშიც (2015) და მინსკშიც (2019). დებიუტი ექნება კიკბოქსინგს, რომელმაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო და 2023 წლის თამაშებზე, სავარაუდოდ, ორი დისციპლინით (ფულ-კიკი და ლოუ-კიკი) იქნება წარმოდგენილი.

ევროპული თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჰასან არატის თქმით, შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

„ქვიშის ფეხბურთს წარმატებები უკვე ჰქონდა ჩვენს თამაშებზე, - აღნიშნავს EOC-ის პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, - კიკბოქსინგის მესვეურებს აქვთ განვითარების მკაფიო ხედვა. ისინი თავიანთი საუკეთესო ათლეტებისთვის ქმნიან კარგ შესაძლებლობებს. გვახარებს ევროპულ თამაშებზე მათი ხილვა. კონტინენტურ დონეზე მოუთმენლად ველით კიდევ ერთ თანამედროვე და სანახაობრივ სპორტის სახეობას."

ცოტა ხნით ადრე კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული თამაშების პროგრამის ნაწილი გახდა ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი (მუაიტაი), ტყვიის სროლა, ტრიატლონი, სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), ველოსპორტი, კალათბურთი 3х3, მაგიდის ჩოგბურთი, პადელი (ჩოგბურთის მსგავსი სახეობა, რომელსაც წყვილები თამაშობენ), ტექბოლი (სპეციალურ მრუდე მაგიდაზე ბურთით თამაში, რომელიც შეიცავს მაგიდის ჩოგბურთის და ფეხბურთის ელემენტებს) და ტრამპლინიდან ხტომა.

EOC-ის საკოორდინაციო კომისია მოლაპარაკებებს აგრძელებს სხვა სპორტულ ფედერაციებთან, თამაშებში ჩართვასთან დაკავშირებით.

მესამე ევროპული თამაშების პროგამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.