ალექსანდრე წივწივაძე იუნიორებში მსოფლიოს ჩემპიონია

06 სექტემბერი 2021

პორტუგალიაში, იუნიორთა და 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს კანოეისტთა ნაკრების მონაგარს უმაღლესი სინჯის მედალი შეემატა.

ისტორიული გამარჯვების ავტორი გახდა ალექსანდრე წივწივაძე, რომელმაც 500-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა მოიპოვა. მომავალმა ოქროს მედალოსანს საკვალიფიკაციო რბოლისას მეორე შედეგი (2:11.15) აღმოაჩნდა, რაც ავტომატურად ფინალურ საგზურს არ იძლეოდა. ნახევარფინალში ქართველ კანოეისტს კვლავ მეორე შედეგი (2:09.89) ჰქონდა, რამაც მას ფინალში გამოსვლის უფლება მისცა (ამ შემთხვევაში ფინალში საუკეთესო სამეული გადიოდა). გადამწყვეტ, ფინალურ რბოლაში წივწივაძემ ბევრად უკეთ იასპარეზა და 1:55.30 წუთში პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი (აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე წივწივაძე ივნისში 1000-მეტრიან დისტანციაზე იუნიორებში ევროპის ჩემპიონი გახდა, 200 მეტრზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა).

ერთი დღით ადრე პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატზე 200-მეტრზე რბოლაში(C1 200 მ) 23-წლამდელბში ვერცხლის მედალი მოიპოვა მარიამ ქერდიკაშვილმა.