სარდალაშვილმა ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

10 სექტემბერი 2021

ლუქსემბურგში დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 12-კაციანი შემადგენლობით ეწვია, საიდანაც 9 ვაჟი და 3 გოგოა.

ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ფინალამდე გაიკვალა გზა.

მომავალმა მედალოსანმა სასტარტო შეხვედრაში წმინდად დაამარცხა ბერძენი მეტოქე, მეორე წრეში ვაზარით მოუგო იტალიელ ძიუდოისტს, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში კი იპონით აჯობა ბელგიის და ისრაელის წარმომადგენლებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგ რომან ვალადი პიკარდთან ვერაფერს გახდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალი მიიღო.