საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამივე ხარისხის 4 მედალი მოიპოვა

12 სექტემბერი 2021

ლუქსემბურგის ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართელოს ნაკრებმა სამ წონაში იასპარეზა და სამივე ხარისხის 4 მედალი მოიპოვა.

საქართველოს ახალგაზრდული გუნდიდან ლუქსემბურგულ ტატამზე ყველაზე უკეთ ნიკა ხარაზიშვილმა (90 კგ) იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

მომავალი ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სლოვაკი მეტოქე, მეოთხედფინალში კი თანაგუნდელ თორნიკე ფოლადაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელიც ასევე იპონით დაამარცხა. ხარაზიშვილმა ფინალში გასასვლელი ბრძოლა ვაზარით მოუგო უნგრელ მოწინააღმდეგეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ნიდერლანდელ ტიგო რენესს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი წარმატებით გამოიყენა ფოლადაშვილმაც, რომელმაც სამედლო შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ იხვან ედისულთანოვს ვაზარით მოუგო. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. ქართველი ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელ რიჩარდ სიპოჩთან ვაზარით დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ილია სულამანიძემ (100 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სლოვაკ ვიქტორ ადამს წმინდად  მოუგო.

ჩემპიონატის დებიუტში ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ). საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.