ბრეიკ დანსში მედლები მესამე ევროპულ თამაშებზეც გათამაშდება

13 სექტემბერი 2021

ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებსა (EOC) და მსოფლიოს საცეკვაო სპორტის ფედერაციას (WDSF) შორის შეთანხმების თანახმად,  ბრეიკ დანსი კრაკოვის 2023 წლის მესამე ევროპული თამაშების პროგრამის ნაწილი გახდა. ირკვევა, რომ სპორტის ამ ახალბედა სახეობას თამაშებზე 32 მონაწილე (16 გოგო და 16 ბიჭი) ეყოლება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2020 წლის დეკემბერში ბრეიკ დანსის ოლიმპიურ პროგრამაში ოფიციალურად შეტანის შემდეგ, ახალგაზრდებს შორის პოპულარული ეს სახეობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტისთვის ემზადება. ასე რომ, 2023 წლის ევროპული თამაშებზე ევროპელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ პარიზის თამაშებისთვის კვალიფიკაცია გაიარონ.

ცოტა ხნით ადრე კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული თამაშების პროგრამის ნაწილი გახდა ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, ქვიშის ფეხბურთი, კიკბოქსინგი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი (მუაიტაი), ტყვიის სროლა, ტრიატლონი, სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), ველოსპორტი, ძიუდო, კალათბურთი 3х3, მაგიდის ჩოგბურთი, პადელი (ჩოგბურთის მსგავსი სახეობა, რომელსაც წყვილები თამაშობენ), ტექბოლი (სპეციალურ მრუდე მაგიდაზე ბურთით თამაში, რომელიც შეიცავს მაგიდის ჩოგბურთის და ფეხბურთის ელემენტებს) და ტრამპლინიდან ხტომა.

მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.