2,6-მილიონიანი საპრიზო ფონდი მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებისთვის

16 სექტემბერი 2021

პირველად კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) 75-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსნები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

AIBA-ს სიახლე 2,6-მილიონ დოლარიან საპრიზო ფონდს ითვალისწინებს, რომელიც  წლეულს, ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე (24 ოქტომბერი - 6 ნოემბერი) განაწილდება. თითოეული წონითი კატეგორიის ოქროს მედალოსანი 100 ათას დოლარს მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 50 ათასს, ხოლო ბრინჯაოსანი - 25 ათასს.

„პირველად არის, რომ AIBA მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს ფულადი პრიზებით დააჯილდოებს და ეს ასეც უნდა იყოს. ეს ფული დამსახურებულია, გათვალისწინებით წლობით ვარჯიშისა, რაც AIBA-ს ტოპ-ტურნირებზე საპრიზო ადგილის დასაკავებლად არის აუცილებელი. ვიცით, რომ ეს გახდება დიდი სტიმული ჩვენი მოკრივეებისთვის. ისინი არა მარტო  წარმატებულები, არამედ უზრუნველყოფილნიც უნდა იყვნენ," - განაცხადა AIBA-ს პრეზიდენტმა უმარ კრემლევმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება იყო. 2019 წლის მაისში IOC-მა ოლიმპიურ თამაშებზე მოკრივეთა ტურნირის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ AIBA-ს  ფინანსების, მმართველობის, მსაჯობის და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 2019 წლის ივნისში IOC-ის წევრის სტატუსი ჩამოართვა.

ამ დღეებში IOC-მა  კრივის საერთაშორისო ასოციაციას  კიდევ ერთხელ მოუწოდა ვითარებაში გასარკვევად  წარმოადგინოს დამაჯერებელი მოხსენება და შესაბამისი დოკუმენტები მოკრივეთა ტურნირებზე, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონატებზე მსაჯობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრივი შესაძლოა ვერ ვიხილოთ პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.