თბილისის ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკეების - ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

16 სექტემბერი 2021

ნონას გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების წევრები და მოწვეული უცხოელი მოჭადრაკეები.

მონაწილეთა შორის იყვნენ: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი ნანა ძაგნიძე, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები და საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორები - ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე, საფარნგეთის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები.

მაიას თასის გათამაშება 8-11 სექტემბერს გაიმართა, ნონას თასისა - 13 - 16 სექტემბერს. ორივე თასი ფარგლებში ჩატარდა ტურნირი ქალთა და ვაჟთა შორის.

ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელები, ლეგენდარული მოჭადრაკეები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.