პეკინი-2022-მა დევიზი წარმოადგინა: "ერთად საერთო მომავლისთვის"

20 სექტემბერი 2021

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოთხწლეულის უმთავრეს მულტისპორტულ ასპარეზობებამდე წარმოადგინა თამაშების ოფიციალური დევიზი - "ერთად საერთო მომავლისთვის".

საზეიმო ღონისძიება ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთა, თამაშების მასპინძელი რეგიონების ხელმძღვანელთა, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის და სპორტსმენთა მონაწილეობით პეკინის მუზეუმში ჩატარდა.

საუკეთესო დევიზის გამოსავლენად მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ორგანიზატორებმა უნივერსიტეტების სტუდენტების და  მასწავლებლების მიერ შეთავაზებული 79 საუკეთესო ვარიანტი შეარჩიეს. ამას მოჰყვა 11 ფინალისტის გამოვლენა, საიდანაც გამარჯვებული დევიზი სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია.

ავტორთა ჩანაფიქრით, ფრაზა "ერთად საერთო მომავლისთვის" გლობალური გამოწვევების გადალახვის შესაძლებლობის სიმბოლიზებაა, რომელიც აჩვენებს ერთობას და ოლიმპიური მოძრაობის ღირებულებებს, ასახავს კორონავირუსის პანდემიასთან კაცობრიობის ბრძოლის კონსოლიდირებულ ძალისხმევას.

საგულისხმოა, რომ დევიზის ერთგვარ შთაგონებად იქცა 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დევიზი: "ერთი სამყარო, ერთი ოცნება."