IOC პეკინი-2022-ის მონაწილეებს ვაქცინაციას სთავაზობს

21 სექტემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, IOC პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილე ათლეტს, ისევე როგორც ეს იყო ტოკიო-2020-ის შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სთავაზობს.

"პანდემია კვლავაც გრძელდება, ამიტომაც მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩინეთის მხარესთან ერთად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ უსაფრთხო შეჯიბრებების ჩასატარებლად, - ოლიმპიური ოჯახისადმი განკუთვნილ ღია წერილში წერს თომას ბახი, - ისევე როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, პეკინში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით განხორციელდება მკაცრი ზომები.

ამიტომაც, მოხარული ვარ გამოვაცხადო ვაქცინაციის პროგრამის დაწყება, რომელმაც 2020 წლის თამაშებზე მაღალეფექტურობა გვაჩვენა. გვინდა მხარში ამოვუდგეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და პეკინის თამაშების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ვაქცინაცია გავხადოთ ხელმისაწვდომი."

იმ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს, რომლებსაც დამატებითი დოზები სჭირდებათ, თომას ბახმა მოუწოდა  განცხადები წარუდგინონ IOC-ის შესაბამის სტრუქტურებს.

ადრე ითქვა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტი მზად არის უცხოელ სპორტსმენებს შესთავაზოს ჩინეთში შემუშავებული ვაქცინა, ხოლო ყველა ხარჯი IOC-ის მიერ გამოყოფილი სახსრებით დაიფარება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაახლოებით 900 მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული, რაც ექსპერტთა აზრით, პეკინი-2022-ის მასპინძლებს ასპარეზობათა მაყურებლის თანდასწრებით ჩატარებაში შეუწყობს ხელს.