პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტულ ცეკვებშიც იქნება წარმოდგენილი

26 სექტემბერი 2021

ობერსდორფში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე - Nebelhorn Trophy-ზე ფიგურულ ციგურაობაში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო საგზურები გათამაშდა. სპორტულ ცეკვებში ოლიმპიური საგზურის მოსაპოვებლად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა იყო საჭირო. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას  წყვილმა პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა და პეკინის ლიცენზია მოიპოვა.

ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლაში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან კაზაკოვა-რევიას დუეტს მოკლე პროგრამაში 66.95 ქულით მეხუთე შედეგი ჰქონდა. საქართველოს წარმომადგენლებმა უკეთ იასპარეზეს თავისუფალ პროგრამაში, სადაც  106.25 ქულა დაიმსახურეს და მეორე შედეგი ჰქონდათ. ორივე პროგრამის ჯამში კაზაკოვა-რევიას სპორტულ წყვილს 173.20 ქულით მესამე შედეგი აღმოაჩნდა და მედლებთან ერთად პეკინი-2022-ის საგზური მოიპოვა.

აქვე, ობესდროფის ტურნიზე ოლიმპიური საგზური დაისაკუთრა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სალიცენზიო ტურნირზე წარმატებით გამოსვლას ულოცავს ჩვენს მოციგურავეებს, ასევე მათ მწვრთნელებს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას.