წარმატებული და ისტორიული

27 სექტემბერი 2021

საქართველოს მოციგურავეთათვის 2021 წელი ძალზე წარმატებული და ისტორიული გამოდგა: მოპოვებულია პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ოთხივე კატეგორიაში (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტულიო ცეკვები), რაც სალიცენზიო მარათონში ჩაბმულმა მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა. ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის  მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. ათეულში ჩვენთან ერთად არიან აშშ, რუსეთი, კანადა, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია და უკრაინა. როგორც ხედავთ, ჩვენი მოციგურავეები ელიტარულ ათეულში დაწინაურდნენ, რაც ფრიად სასიხარულო ამბავია. თან ეს ხდება ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ოთხი თვით ადრე, ასე რომ, პეკინი-2022 ქართული ოლიმპიური დელეგაციისთვის მართლაც ისტორიული იქნება.

შეგახსენებთ, რომ პირველ ოლიმპიურ ლიცენზიას დაეუფლა 17 წლის ალინა ურუშაძე. ეს მოხდა 2021 წლის მარტში, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორე დღეს იქვე, ოლიმპიური საგზური მიიღო მორის ყვითელაშვილმა, რომელსაც უკვე აქვს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება. ამას მოჰყვა ამ დღეებში ობერსდორფში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირი და იქ აღებული კიდევ  ორი ოლიმპიური ლიცენზია - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია  (სპორტული ცეკვები); კარინა საფინა და ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილები).

წინ არის უკვე უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ეტაპი - საწვრთნელი შეკრებები და ოლიმპიადამდე დარჩენილი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრება.

პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს  უმასპინძლებს.