ქვიშის ჭიდაობაში 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

28 სექტემბერი 2021

ქვიშის ჭიდაობაში  მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპის საერთო შედეგების გათვალისწინებით, 2021 წლის სეზონი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დაგვირგვინდა: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, დავით ხუციშვილი (80 კგ) კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

სეზონის დასკვნით მეოთხე ეტაპს რუმინეთის საპორტო ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები მედლებს ოთხივე წონაში დაეუფლა. ქელეხსაშვილმა პირველი ადგილი დაისაკუთრა, ხუციშვილმა, მარსაგიშვილმა და კორძაიამ - მეორე. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო სერია 16-17 ივლისს, ნიცაში გამართული პირველი ეტაპით გაიხსნა და ქართველები ოთხივე წონით კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ. მეორე ეტაპს 3-4 სექტემბერს რომმა უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების მონაგარი ქელახსაშვილის, ხუციშვილისა და კორძაიას ვერცხლის მედლები იყო. მარსაგიშვილს საპრიზო სამეულამდე ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

10-11 სექტემბერს, საბერძნეთის კურორტ კატერინიში, მესამე ეტაპზე, ქელეხსაშვილი ჩემპიონი გახდა, კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილმა - მესამე.