ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპული მედლები

03 ოქტომბერი 2021

როვანიემში (ფინეთი) გამართულ 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ისაპარეზეს ქართველმა ძალოსნებმა. შეჯიბრების მეორე დღეს ორჭიდში ვერცხლის მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ (89 კგ). მომავალმა მედალოსანმა  საწყის დისციპლინაში - ატაცში 163 კილოგრამი დაძლია და მეორე შედეგი აჩვენა. 193 კილოგრამით ასევე მეორე შედეგი ჰქონდა აკვრაში და ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 356 კილოგრამითაც.

მომდევნო დღეს 20-წლამდელებში მოასპარეზე ზაზა ლომთაძემ (102 კგ) ატაცში 155 კილოგრამის დაძლევით მეორე ადგილი დაიკავა. უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 196 კილოგრამით საუკეთესო იყო,  ორჭიდის ჯამში დაგროვილი 351 კილოგრამით კი ვერცხლის მედალი ერგო. ამავე ასაკობრივ ჯგუფში ატაცი (155 კგ), აკვრა (195 კგ) და ორჭიდში  (350 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა აკაკი ტალახაძემ (109 კგ).

შეგახსენებთ, რომ უფრო ატაცში ბრინჯაო, აკვრაში და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა კახი ასანიძემ  (73 კგ), 20-წლამდელებში კი ატაცში მეორე ადგილი დაიკავა არჩილ მალაყმაძემ (73 კგ).