გიორგი სარდალაშვილი ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

06 ოქტომბერი 2021

ოლბიაში (იტალია) დაწყებული ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.

უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 18 წლის გიორგი სარდალაშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა.

იუნიორებში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი სარდალაშვილი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ჩილელი, იტალიელი, ყაზახი და ისრაელელი მეტოქეები, ფინალში კი იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონს, აზერბაიჯანელ თიმურ ბაირამოვს ორი ვაზარი აართვა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.