გიორგი შერაზადიშვილი ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია

08 ოქტომბერი 2021

ოლბიაში (იტალია) მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი მეორე ოქროს მედლით შეივსო. საქართველოს ჰიმნი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის გიორგი შერაზადიშვილმა ააჟღერა.

კადეტებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა მექსიკის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლები, ფინალში კი კადეტებში ევროპის ჩემპიონს, რუსეთის წარმომადგენელ ადამ ჩეხოევს მოუგო და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ჩემპიონატის პირველ დღეს ასევე ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ).