ახალგაზრდა ძიუდოისტთა ტრიუმფი: 4 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი

09 ოქტომბერი 2021

ოლბიას (იტალია) მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი მედალი უმაღლესი სინჯისაა, ერთიც - ბრინჯაოსი.

იტალიურ  ტატამზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა 20 წლის ილია სულამანიძემ (100 კგ). ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს, ასევე დიდებში მსოფლიოს ჩემპიონატის   ბრინჯაოს მედლის მფლობელი, იუნიორებში ევროპის ორგზის ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ ასევე იპონით დაამარცხა თანაგუნდელი მიხეილ ჯაფარიძე. ნახევარფინალში დამატებით დროში სამი გაფრთხილების ხარჯზე მოუგო რუს მატვეი კანიკოვსკის, გადამწყვეტ შეხვედრაში კი  უზბეკ სუხრობ რაჯაბოვს ვაზარი აართვა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ასევე ოქროს მედლი ერგო მძიმეწონოსან  საბა ინანეიშვილს. იუნიორებში  ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი, 20 წლის ინანეიშვილი ასპარეზობაში ასევე მეორე წრიდან ჩაერთო. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უკრაინელ, ბელგიელ და უზბეკ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრაში, საჩემპიონო ბრძოლა კი ვაზარით მოუგო უნგრელ რიჩარდ სიპოჩს და მეორედ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა 19 წლის ირაკლი დემეტრაშვილმა. კადეტებში მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა პირველ წრეში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა, მეორეში - გაიანელი, მაგრამ მეოთხედფინალში უნგრელ მოწინააღმდეგესთან წააგო და რეპეშაჟში გააგრძელა გამოსვლა, სადაც ჯერ ბრაზილიელს მოუგო იპონით, გადამწყვეტ შეხვედრაში კი -უზბეკ შოხრუხ მამარასულოვს.

წინა დღეებში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.