იაკობ ქაჯაიამ მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

09 ოქტომბერი 2021

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპული თამაშების ჩემპიონი ქართველი მძიმეწონოსანი ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა.

პირველ შეხვედრაში 5:3 დაამარცხა ამერიკელი მაიკლ შულცი, შემდეგ აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ბექა კანდელაკი - 5:1, მაგრამ ნახევარფინალში დასანანი მარცხი იწვნია რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაურთან - 1:2.

ქართველ ფალავანს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა - ბრინჯაოს ფინალში თურქი ოსმან ილდირიმი 2:1 დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ).