„ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

10 ოქტომბერი 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოსლოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამი მედალი მოიპოვა, აქედან ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოსია.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძეს. მომავალი ფინალისტი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო. 5:4 დაამარცხა ყაზახი სულთან ასეტული, მეოთხედფინალში ასეთივე ანგარიშით მოუგო იაპონელ კენსუკე შიმიზუს, ნახევარფინალში კი 7:1 დაამარცხა უნგრელი ერიკ ტორბა.

ქართველ ფალავანს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია გადამწყვეტ შეხვედრაში, სადაც ირანელ მეისამ კარამალი დალხანისთან, ფაქტობრივად, თანაბარ შეხვედრაში დამარცხდა - 4:5.

ოსლოს ხალიჩა წარმატებული გამოდგა 67კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძისთვის, რომელიც შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. ქართველ ფალავანს პირველ მეტოქედ იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი ჰყავდა, რომელსაც იოლად - 11:2 მოუგო. მეოთხედფინალში ასევე იოლად გაუმკლავდა სერბ სებასტიან ნადს - 8:1, მაგრამ დასანანი მარცხი იგემა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, ირანელ მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეისთან - 6:7. ზოიძეს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც - ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს აშკარა უპირატესობით - 8:0 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზეც ავიდა.

მედლით დაასრულა ასპარეზობა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ლაშა გობაძემ (87 კგ). მომავალი პრიზიორი შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. ქართველმა ფალავანმა პირველი შეხვედრა წმინდად - 11:0 მოუგო აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს, მაგრამ მეოთხედფინალში ერთი ქულის სხვაობით - 1:2 დამარცხდა სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან. მომავალ ფინალისტთან წაგებით, ლაშას რეპეშაჟში ჩართვის საშუალება მიეცა - ჯერ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელს, მილად ალირზაევს აჯობა - 5:3, მერე კი, ბრინჯაოს ფინალში გასულმა, დამაჯერებლად მოუგო დანიის წარმომადგენელს, ტურპან ალი ბისულტანოვს - 5:2 და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა. ამ წონაში ოქროს მედალს დაეუფლა ზურაბ დათუნაშვილი.

უფრო ადრე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (13 კგ). საბოლოოდ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ერთი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.