პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა კოვიდ-სახელმძღვანელო გამოსცა

26 ოქტომბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული ერთგვარი კოვიდ-სახელმძღვანელოს თანახმად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების არავაქცინირებული სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან, ჩინეთის დედაქალში ჩასვლისთანავე 21-დღიანი კარანტინი გაიარონ.

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა სახელმძღვანელოს ორი ვერსია გამოაქვეყნა. ერთი ათლეტების და ეროვნული გუნდების ოფიციალურ პირებისთვის არის განკუთვნილი, მეორე - საერთაშორისო ფედერაციებისთვის, მედიისთვის და თამაშების ორგანიზებაში ჩართული პირებისთვის.

სპორტსმენთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს თანახმად, თამაშების მონაწილე 21-დღიანი კარანტინისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან,  თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნება ჩატარებული. ამასთან, ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეთ ჩინეთში გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე. სპორტსმენებს შეეძლებათ ვაქცინაციისგან გათავისუფლებულდნენ სამედიცინო გართულებების შემთხვევაში.

აღნიშნულია, რომ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მკაცრი ანტიკოვიდური პროტოკოლი იმოქმედებს, რათა სასწრაფოდ გამოვლინდეს დაინფიცირებული პირი და მათი კონტაქტები. სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან COVID-19-ზე ყოველდღიურად ჩააბარონ ტესტი და საგანგებო აპლიკაციით სმარტფონებში აწარმოონ აღრიცხვა.

რეკომენდებულ პირბადეებს შორის სახელდება KN95, N95, FFP2 ან მათი ანალოგები. პირბადის ტარება აუცილებელი არ არის ვარჯიშის, შეჯიბრების, კვების, ძილის დროს, ან მაშინ, როდესაც ადამიანი მარტოა.

გარდა ამისა, პეკინში იმოქმედებს ეგრეთ წოდებული რეგულირების დახურული სისტემა, რომლის მიხედვითაც თამაშების მონაწილეებს მხოლოდ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილება შეეძლებათ. მაგალითად აეროპორტიდან ოლიმპიურ სოფლამდე, იქიდან კი სავარჯიშო ცენტრამდე, საშეჯიბრო ადგილებამდე, თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიებზე. მთლიანობაში, ასეთი ზონები სამ ქალაქში - პეკინში, ჩანცზიაკოუში და იანცინში იქნება მოწყობილი.