პეკინის XXIV თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე ოლიმპიური და პარალიმპური მედლების დიზაინი წარმოადგინეს

27 ოქტომბერი 2021

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა XXIV თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე, ოლიმპიური და პარალიმპური მედლების დიზაინი წარმოადგინა.

ოლიმპიური მედლის წინა მხარეს - ავერსზე რელიეფურად არის დატანილი ხუთი ოლიმპიური რგოლი, მის ირგვლივ კი ინგლისურად ამოტვიფრულია თამაშების სრული სახელი. მედლის უკანა მხარის ცენტრში დატანილია თამაშების ემბლემა, ასევე პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სახელწოდება ჩინურ ენაზე. უკანამ მხარე ასევე გაფორმებულია რგოლებით, სადაც 24 წერტილია განთავსებული, რაც "უკიდეგანო ვარსკვლავური ცის და ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიის" სიმბოლიზებაა.

გარდა ამისა, პეკინის თამაშებისთვის სახელობითი მედლებია გათვალისწინებული, რაზეც რევერსის მხარეს ამოტვიფრული ესა თუ ის სახეობა მიუთითებს.

მედლების ყუთი ბამბუკისგან არის დამზადებული, რაც, ორგანიზატორთა განმარტებით, ხაზს უსვამს ჩინური კულტურის განსაკუთრებულობას და ეკოლოგიური ოლიმპიური თამაშების კონცეფციას.

XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.

პეკინი 2022 წლის თამაშების მასპინძლად 2015 წლის 31 ივლისს, კუალა ლუმპურში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიაზე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც ზაფხულის თამაშების შემდეგ, ზამთრის თამაშებსაც უმასპინძლებს.