გურულმა მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, ალახვერდოვმა - დაიბევა

03 ნოემბერი 2021

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარსდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში  კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა. სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება  - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია", - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.