საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი თემურ ბერუაშვილის ბრინჯაოს მედლით დაასრულა

08 ნოემბერი 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ერთი მედლით დასრულდა.

ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი მხოლოდ 74 კილოგრამ წონითი კატეგორია გამოდგა. თემურ ბერუაშვილმა ბელგრადის ხალიჩაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მომავალი პრიზიორი შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. წმინდად  - 11:0 დაამარცხა იტალიელი იაკოპო მასოტი. ასევე დიდი უპირატესობით - 13:5 მოუგო თურქ ისა დემირს, მაგრამ ნახევარფინალური შეხვედრა 0:6 დათმო რუსეთის წარმომადგენელ ჩერმან ვალიევთან. ბერუაშვილს მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც მოლდოველ ვასილი დიაკონთან ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით (3:3) გამოიყენა კიდეც და ბრიჯაოს მედალს დაეუფლა.