საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელ ძუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა და გუნდური შეჯიბრების გამარჯვებული გახდა

07 ნოემბერი 2021

23-წლამდელებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა: 2 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი და გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი. ეს ის შედეგია, რომელსაც ქართველმა ძიუდოისტებმა ბუდაპეშტის ტატამზე მიაღწიეს.

შედეგიანი გამოდგა 66, 73, 81, 100 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიები, მათ შორის 81 კგ-ში ქართული ფინალიც შედგა. ტატო გრიგალაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანაგუნდელი ვლადიმერ ახალკაცი ვაზარით დაამარცხა. ერთგვარი დუბლით დასრულდა 100 კილოგრამ წონითი კატეგორიაც. ილია სულამანიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, გიორგი ჩიქოვანმა კი - ბრინჯაოს მედალი. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ალეკო მამიაშვილს (73 კგ).

ნაკრების წარმატებაში ბრინჯაოს მედლებით საკუთარი წვლილი შეიტანეს გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ).

ბუდაპეშტის ტატამი ასევე წარმატებული გამოდგა სოფიო სომხიშვილისთვის (+78 კგ). მან ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები 23 წლამდელთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება (გოგონების და ბიჭების) ისტორიაში პირველად მოიგო.