პეკინი-2022-ის ორგანიზატორები ხელოვნურ თოვლზე იზრუნებენ

14 ნოემბერი 2021

სინოპტიკოსთა შეფასებით, 2021 წლის იანვარ-მარტში იანცინში, ჩინეთის ეროვნული სამთო-სათხილამურო ცენტრის რაიონში ორი სანტიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც იქ ტურნირების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. აქედან გამომდინარე, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების  ორგანიზატორებს XXIV თამაშებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლიტრი წყლის  ხელოვნურ თოვლად გარდაქმნა მოუწევთ.

სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, კარმენ დე იონგის განცხადებით, აღნიშნულ სამთო მასივში თოვლი პრაქტიკულად არ არის. ამის გამო, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა დამრეცებზე დაახლოებით 200 ხელოვნური თოვლის გასაფრქვევი დანადგარი დააყენა, რომლებსაც საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ სათხილამურო ტრასების ხელოვნური საფარით უზრუნველყოფა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნური თოვლის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ხელოვნური თოვლი გამოიყენეს პიონჩანგის 2018 წლის თამაშებზე, ასევე სოჭი-2014-ის და ვანკუვერი-2010 წლის თამაშებზე.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს. უშუალოდ სამთო მოთხილამურეთა ასპარეზობები 6-19 თებერვალს უნდა ჩატარდეს.