პეკინი-2022-ის ორგანიზატორებმა ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისზე მოხსენება წარმოადგინეს

17 ნოემბერი 2021

პეკინი-2022-ის მასპინძელთა განცხადებით, ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი 12 სპორტული ობიექტი ექსპლუატაციაშია გაშვებული და თითოეულ მათგანს საერთაშორისო ფედერაციებიდან მწვანე შუქი აქვს ანთებული. ეს ასევე შეეხება სამივე ოლიმპიურ სოფელს, მთავარ პრესცენტრს და სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს.

დღესდღეობით პეკინი-2022-ის საზრუნავი პეკინის არენებზე სატესტო ასპარეზობებისთვის ყინულის მომზადებაა. ამ დღეებში იანცინის და ჩჟანცზიაკოუს რეგიონებში პირველად მოთოვა, ასე რომ, რიგი სპეციალისტების მიერ გამოთქმული ეჭვი, რომ ოლიმპიური თამაშების დროს თოვლის უკმარისობაა მოსალოდნელი, შეიძლება უსაფუძვლო გამოდგეს.

ამ დღეებში ტრასებს გამოცდიან მსოფლიოს საუკეთესო მოციგავეები. უფრო ადრე აქვე ივარჯიშეს ბობსლეისტებმა და სკელეტონისტებმა, შორტ ტრეკის და ციგურებით რბენის წარმომადგენლებმა. ასევე სატესტო ტურნირებია ჩანიშნული სნოუბორდსა და ფრისტაილში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე შეჯიბრებას მაყურებელიც დაესწრო, რამაც ზამთრის თამაშების ორგანიზატორებს კოვიდსაწინააღმდეგო ზომების დახვეწის საშუალება მისცა.

პეკინი-2022 ახლა ბილეთების პროგრამის წამოწყებას აპირებს, ოღონდ მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ჩინეთის მაცხოვრებლებს ექნებათ.

გარდა ამისა, მხარეები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომების შემუშავებაზე. თამაშების უსაფრთხოდ ჩასატარებლად შემუშავებული გზამკვლევის მეორე რედაქცია 8 დეკემბერს გამოქვეყნდება.