გოგიტა არქანია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

20 ნოემბერი 2021

სახელოვანმა ქართველმა კარატისტმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეხუთე ადგილოსანმა, 37 წლის გოგიტა არქანიამ  დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველ წრეში არქანიამ მექსიკელი მოწინააღმდეგე  8:0 დაამარცხა, მეორე წრეში მონტენეგროს წარმომადგენელი - 2:0, მესამე წრეში ესპანელ მოწინააღმდეგეს 8:0 სძლია, მეოთხე წრეში ამერიკელს - 3:0, მეხუთე წრეში ხორვატ მეტოქეს - 3:1. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა,  ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს გოგიტა არქანიას, მის ოჯახს, მწვრთნელებს, საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას, სამედიცინო პერსონალს ამ დიდ წარმატებას.