მოახდენს თუ არა გავლენას კორონავირუსის ახალი შტამი პეკინი-2022-ის ჩატარებაზე

01 დეკემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ახალი შტამის - ომიკრონის გამოჩენის გათვალისწინებით, პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა შეიძლება გადახალისდეს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  განმარტავს, ომიკრონს პოტენციურად შეუძლია ვაქცინის ეფექტურობის შემცირება და სხვა შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

„COVID-19-თან დაკავშირებული ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს სახელმძღვანელო წიგნში (Playbooks) გაწერილი გეგმის მნიშვნელობას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს და მოერგოს საყოველთაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონკრეტულ ამოცანებს," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების სტარტს აიღებს 4 თებერვალს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოქმნას დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის სფეროში, მაგრამ ჩინეთს აქვს COVID-19-თან ბრძოლის გამოცდილება და სჯერა, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებს წარმატებით და მშვიდად უმასპინძლებს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს პერიოდში გამოსცემს ოლიმპიური დელეგაციებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის (Playbooks) განახლებულ ვერსიას.