რომში ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი დაინთო

09 დეკემბერი 2021

რომში, ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ცეცხლი დაინთო. საზეიმო ცერემონია ახალგაზრდული ფესტივალის დაწყებამდე ზუსტად ასი დღით ადრე შედგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე აგებულ მშვიდობის საკურთხეველში.

"ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოწოდებულია მშვიდობიან ასპარეზობებში კონტინენტის ახალგაზრდების გასაერთიანებლად, მეგობრობის, ოლიმპიური ღირებულებების და ურთიერთპატივისცემის მხარდასაჭერად, - აცხადებს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, - მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფესტივალი იქნება ისტორიაში გენდერულად ყველაზე დაბალანსებული. ეს შესაძლებელი გახდა ფესტივალის პროგრამაში ქალთა ჰოკეის და სათხილამურო ორჭიდის ჩართვით."

მშვიდობის ცეცხლი დაანთო ფინელმა სნოუბორდისტმა ვერა იმონენმა, რომელიც 2019 წელს სარაევოს ფესტივალში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის გამოცდილება აქვს. ფინეთის ამ ქალაქმა ზამთრის ფესტივალს 2001 წელს უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ ცერემონიაზე გამოიყენებენ იმავე ჩირაღდანს, რომელსაც 20 წლის წინ ვოუკატის ფესტივალზე იყენებდნენ.

ვუოკატის ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 14-დან 18 წლამდე 1800 სპორტსმენი, მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლებიც.  მედლები გათამაშდება სპორტის 9 სახეობაში - სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული სრიალი, ჰოკეი (გოგოები და ბიჭები), შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და სნოუბორდი.