ბორჯომში გამართულ ქალთა ჭიდაობის პირველი დონის სამწვრთნელო კურსებს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვებ-გვერდი გამოეხმაურა

10 დეკემბერი 2021

ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ნოემბერში ბორჯომში ჩატარდა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ქალთა ჭიდაობის პირველი დონის სამწვრთნელო კურსები, რომელიც წარიმართა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ორი წარმომადგენლის - ვინსენტ აკას და ედიშერ მაჩაიძის ხელმძღვანლობით.

ამ ამბავს გუშინ გამოეხმაურა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ოფიციალური ვებ-გვერდი. იქ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამწვრთნელო კურსები ქალთა ჭიდაობის მხარდასაჭერად დაწყებული პროგრამის ნაწილია. მისი მიზანია ქალთა ჭიდაობის მიმართ მწვრთნელთა მიდგომის შეცვლა.

კურსებში 15 კაცი და 1 ქალი მწვრთნელი მონაწილეობდა. განიხილებოდა ქალთა ჭიდაობის ნიუანსები და წვრთნის სპეციფიკა, უსაფრთხოება, ტრავმების თავიდან აცილების გზები, მსაჯობის და სხვა საკითხები.

UWW -ის ვებ-გვერდი განსაკუთრებით გამოყოფს თამუნა სამხარაძეს, რომელიც გახდა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პირველი დონის სერთიფიცირებული მწვრთნელი ქალთა შორის იმ ქვეყანაში, სადაც ჭიდაობა კაცების პრივილეგიაა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების განვითარების ოფიცერთან საუბრისას საქართველოში ქალთა ჭიდაობის განვითარების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა."