საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2028 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაზე იმსჯელა

11 დეკემბერი 2021

2022 წლის თებერვალში ჩანიშნულ IOC-ის 139-ე სესიაზე  ლოს ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამისთვის სპორტის 28 სახეობა განიხილება. ტრადიციულ ოლიმპიურ  სახეობებთან ერთად, ამ სიაში მოხვდნენ  შედარებით ახალბედა სკეიტბორდინგი, სპორტული ცოცვა და სერფინგი, მაგრამ გარანტირებულ სახეობათა მიღმა აღმოჩნდა კრივი, ძალოსნობა და თანამედროვე ხუთჭიდი. ამ სახეობების საერთაშორისო ფედერაციებს 2023 წლამდე მოუწევთ IOC-ის კონკრეტული მოთხოვნების შესრულება, რათა შეინარჩუნონ ოლიმპიური სტატუსი.

1. სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (AIBA) უნდა მოაგვაროს  ამ ორგანიზაციის მმართველობაში  არსებული პრობლემები, უზრუნველყოს ფინანსური გამჭვირვალობა და ობიექტური მსაჯობა.

2. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მომავალი ხელმძღვანელობა  დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს IOC-ის მოთხოვნების შესრულებას, შეცვალოს მართვის კულტურა ორგანიზაციის შიგნით,  წარმატებით გაუმკლავდეს დოპინგის გამოყენების ისტორიულ პრობლემას, უზრუნველყოს ანტისადოპინგო პროგრამის ერთიანობა, საიმედოობა და სრული დამოუკიდებლობა.

3. თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირმა (UIPM)  უნდა დაასრულოს ცხენოსნობის ჩანაცვლების პროცესი   და შეჯიბრების საერთო ფრომატის ფორმირება,  გაამარტივოს წესები და შეამციროს ხუთჭიდელთა ტურნირების ორგანიზების ხარჯები,  აამაღლოს უსაფრთხოების დონე,  ფართო მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს შეჯიბრების მიმდინარეობა.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ასევე აცხადებს, რომ ლოს ანჯელესი-2028-ს, როგორც ოლიმპიური თამაშების მასპინძელს,  შესაძლებლობა ექნება დამატებითი სახეობების ჩართვის წინადადებით გამოვიდეს 2023 წელს.