X ოლიმპიური სამიტი ვირტუალურ რეჟიმში წარიმართა

14 დეკემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მოწვევით ოლიმპიური მოძრაობის წამყვანი წარმომადგენლებისთვის ოლიმპიური მოძრაობის მომავალზე სასაუბროდ, ვირტუალურ რეჟიმში წარიმართა X ოლიმპიური სამიტი.

სამიტზე საერთაშორისო სპორტული მოძრაობის აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, ოლიმპიური სახეობების საერთაშორისო სპორტული ფედერაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების კონტინენტური ასოციაციების, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) და ტესტირების დამოუკიდებელი ორგანიზაციის (ITA) ხელმძღვანელებმა.

"სამიტი - ეს არის ხელსაყრელი სივრცე, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას აძლევს წვლილი შეიტანოს ოლიმპიური მოძრაობის სხვადასხვა სფეროში, სადაც ცვლიან აზრებს და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრაზე მსჯელობენ, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, - აღსანიშნავია, რომ კოლეგების ინიციატივით, მომავალ შეჯიბრებებზე სამსჯელოდ, ჩვენს ყოველწლიურ შეხვედრაზე პირველად მოვიწვიეთ კონტინენტური ასოციაციების ხელმძღვანელები, რაც დისკუსიებს უფრო ნაყოფიერს ხდის."

სამიტის სამუშაო პროგრამის ფარგლებში, ოლიმპიური და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებმა შეაჯამეს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, განიხილეს პეკინის, პარიზის და ლოს ანჯელესის თამაშებისთვის სამზადისი, შეეხნენ სპორტული კალენდრის ფორმირების საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებების ორგანიზების პროცესს.

X ოლიმპიური სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. მეტად წარმატებულად შეფასდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, მაღალი შეფასება მისცეს 2022 წლის თამაშებისთვის პეკინის მზადებას, ასევე პარიზი-2024-ის და ლოს ანჯელესი-2028-ის საორგანიზაციო კომიტეტების მიერ სპორტული პროგრამის ფორმირების სფეროში გაწეულ სამუშაოებს.

სამიტის მონაწილეები სპორტის პოლიტიზების წინააღმდეგ გამოვიდნენ, ასევე ხაზი გაუსვეს კორუფციასთან და სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას.