პარიზი-2024 მდინარე სენაზე გაიხსნება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება

15 დეკემბერი 2021

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორთა საბჭომ თამაშების გახსნის კონცეფცია დაამტკიცა. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე გაიმართება.

სცენარის თანახმად, დელეგაციის წევრებს აუსტერლიცის ხიდიდან ტროკადეროს მოედნამდე 160-ზე მეტი ნავით გადაიყვანენ. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 6 კილომეტრია, რაც სპორტსმენებს და ოფიციალურ პირებს გზადაგზა საფრანგეთის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების ნახვის საშუალებას მისცემს.

"მდინარე სენის სანაპიროზე გახსნის ცერემონიის ორგანიზება სრულიად შეესაბამება IOC-ის   შეჯიბრებათა მოდელის განახლების, ასევე პარიზი-2024-ის ორგანიზატორთა ინოვაციურ გეგმებს, - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, - ეს შესაძლებლობას მისცემს  რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას, შეხება ჰქონდეს მულტისპორტულ ფორუმთან. ამგვარი ღონისძიება ყველა მონაწილეს და ქალაქის მაცხოვრებლებს განსაკუთრებულ გამოცდილებას შესძენს."

სანაპირო ზოლიდან და ხიდებიდან ოლიმპიელთა აღლუმისთვის თვალის მიდევნება ყველას შეეძლება. პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, თამაშების გახსნის ცერემონიაზე დასწრება ყველასთვის ღია და თავისუფალი იქნება.

"2024 წლის თამაშების გახსნის ცერემონია ჯადოსნური იქნება, - აღნიშნავს პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ტონი ესტანგე, - ეს ღონისძიება ადამიანებისთვის, თითოეული მსურველისთვის კეთდება. მათ  წარვუდგენთ ყველაფერ  საუკეთესოს, რაც საფრანგეთს აქვს. ეს იქნება უჩვეულო წვეულება, რომელზეც მოვიწვევთ  მთელ  მსოფლიოს."