ონლაინ-სხდომაზე კოვიდრეგულაციების დამხმარე წიგნის მეორე რედაქცია განიხილეს

18 დეკემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელთა და ოლიმპიურ დელეგაციათა მონაწილეობით ონლაინ-სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კოვიდრეგულაციების დამხმარე წიგნის მეორე რედაქცია.

ონლაინ-სხდომის მონაწილეებს გააცნეს პისიარ-ტესტების ჩატარების პროცედურები, აკრედიტებულ პირთათვის დაშვებული ზონების სია და ოლიმპიურ სოფელში ყოფნის წესები, დასნეულებულთა ახლო კონტაქტების გამოვლენის პრინციპები, დაავადებულ ათლეტთა და გუნდის წევრთა იზოლაციის ვადები და პირობები. ასევე განმარტეს ჩინეთში არასრულწლოვან სპორტსმენთა შესვლის წესები. მაგალითად, თუ ეროვნული სტანდარტებით არასრულწლოვანთა ვაქცინაცია დაუშვებელია, ასეთ სპორტსმენებს ოლიმპიურ პერიმეტრში მოხვედრა შეეძლებათ 21-დღიანი კარანტინის გარეშე, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტის და IOC-ის დაჟინებული თხოვნაა, გამოიყენონ აცრის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აამაღლებს თამაშების ყველა მონაწილის უსაფრთხოებას.

ასევე ვაქცინის ბუსტერული დოზების მიღებაა რეკომენდებული ოლიმპიური დელეგაციის ყველა წევრისთვის. პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ამგვარად შესაძლებელი გახდება კორონავირუსის ახალი შტამით დასნეულების შემთხვევათა თავიდან აცილება.